სკოლა "მილენიუმში" არსებობს ბაირონისა და ბარათაშვილის სახელობის სალონი (B & B), რომელსაც ხელმძღვანებლობს მანანა ნოზაძე. სალონის წევრი პედაგოგები თავიანთ პროფესიულ საქმიანობას შესანიშნავად უთავსებენ სამსახიობო ოსტატობას და ამ გზით ამბობენ თავიანთ სათქმელს ხელოვნებაში.სალონის ტრადიციაა შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან.

სტუმრად ოტიასთან, ოქტომბერი 2010

ბატონ ოტია იოსელიანს თავისი ხელით აგებულ ოდა–სახლში ვეწვიეთ. მეორე სართულზე მოწყობილია ლიტერატურული სალონი, რომელსაც ხშირად სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საინტერესო საღამოები იმართება.

ჩვენც ამ სალონში მოვიკალათეთ. აქ თავს იწონებს მწერლის ხელით გაკეთებული ბუხარი, ხოლო მაღალ კედლებზე განლაგებულია ფოტოსურათები, ნახატები, სხვადასხვა სამშვენისები.

ბატონმა ოტიამ გულთბილად მიგვიღო და უმალ მძღოლი მოიკითხა, უყურადღებოდ არ დაგვრჩესო. მერე ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს შეუქო მარჯვენა – „მშრომელი კაცის ხელები გქონიაო“. დიდხანს ეჭირა შრომისაგან დაკოჟრილი ხელი და სათუთად ეფერებოდა.

დიდ შემოქმედს „მკვახე შეძახილით“ ბევრჯერ უცდია ჩვენი შეფხიზლება. ვინ იცის, რამდენი გაუნაწყენებია და რამდენისთვის გულიც მოუფხანია, თუმცა გუნდრუკი არავისთვის უკმევია.

ბევრი ვისაუბრეთ ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. ჭირ–მართალის მიუკერძოებელ შემფასებელსა და ქვეყნის ჭეშმარიტ გულშემატკივარს არც ჩვენი საქმიანობის სირთულეები დარჩენია ყურადღების მიღმა. გაგვამხნევა, შეგვახსენა ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულება, რჩევა–დარიგებაც მოგვცა და პრობლემების გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზა.

ბატონმა ოტიამ ჩვენი მიწვევა გულწრფელად მიიღო და წყალტუბოს მღვიმეში მეგზურობაც გაგვიწია. მის სიახლოვეს გატარებულმა წუთებმა ბედნიერება მოგვანიჭა. გულის სიღრმიდან აღმომხდა კიდეც, „ამ დღემ ოცნება დამაკარგვინა–მეთქი“. არასოდეს დაგვავიწყდება მისი ამაყი გამოხედვა, სვანური ქუდი – სინდის–ნამუსის სიმბოლო, ჩიბუხიდან გამოსული გრძელი კვამლი – ფიქრის სიმბოლო და სევდიანი, მეტყველი თვალები...